ეკონომიკა
11/11/2021

ირაკლი კოვზანაძე: ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სსფ-ის პროგრამა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის დაწყების აუცილებლობაზე აცხადებს.

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა, მხარეებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამა მალე დაიწყება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სსფ-ის პროგრამა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფონდის პროგრამა გაგრძელდეს. „მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისთვის, რომ სსფ-ის პროგრამა გაგრძელდეს," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც მთავრობა აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია, დაანონსებულია ისიც რომ პროგრამა წლის ბოლოდან დაიწყება.

ჯერ კიდევ ივლისში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ახალი მიზნები იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია.

"ძირითადი პრიორიტეტები მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხმება და სტრუქტურული რეფორმები იქნება. ეს რეფორმებია სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით რეფორმები“,- აღნიშნა მაშინ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა 2021 წლის აპრილში დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს  687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).