ირაკლი ქარსელაძე: რიკოთი თავისი მასშტაბურობით საუკუნის პროექტია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სამინისტროს ბიუჯეტის ბოლო 3 წლის რეკორდულ მაჩვენებლებსა და მიმდინარე წლის მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.
"ბოლო 3 წელიწადია ბიუჯეტის შესრულების საკითხი აღარ დგას. ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით ის გადაჭარბებითაც კი სრულდება.
ყველა წელი რეკორდულია და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიური გამოწვევებისა, სამინისტროს ბიუჯეტმა 2,2 მლრდ ლარი შეადგინა. 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიც 30%-ითაა გაზრდილი (2,367 მლრდ ლარი). გადაჭარბებაა ყველა მიმართულებით, თუმცა, მატება, ძირითადად, ჩვენს მთავარ მიზანს უკავშირდება, რაც მაგისტრალური გზების განვითარებას გულისხმობს", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განმარტებით, მაგისტრალური პროექტები მთავარი ამოცანად იწოდება და იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა. რომ ის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აღიქმება დადებით მოვლენად, არამედ რეგიონში ქვეყნის მნიშვნელობას ამაღლებს და მას საერთაშორისო კორიდორების თვალსაზრისით ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის.
„რიკოთის პროექტი საუკუნის პროექტია. წარმოიდგინეთ საუბარია 53 გვირაბსა და 96 ხიდზე, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამში სულ 50 გვირაბი გვქონდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეშეთი-კობის უწყვეტი 9 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბი, 15 მეტრიანი დიამეტრის, კლდოვან ქანებში - ამ პარამეტრების გათვალისწინებით ეს გვირაბი მსოფლიოში უნიკალურია.“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.