ეკონომიკა
30/06/2023

ირაკლი ღარიბაშვილი - წელს ₾6 მლრდ-ზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე

წელს 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მდგომარეობით სულ აშენებულია 234 კმ მაგისტრალური გზა.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას - წელს 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე: მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სექტორის გაუმჯობესებაზე, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

სულ აშენებულია დღეის მდგომარეობით 234 კმ მაგისტრალური გზა. აქედან ორ მესამედზე მეტი, 166 კმ მაგისტრალური გზა ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა. დასრულდა 424 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 600 კმ-მდე გზას. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 108 კმ-ზე, მათ შორის, რიკოთზე. სამუშაოების დასრულება და მოძრაობის გახსნა დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის ბოლომდე. ასევე ჩვენ დავიწყეთ შარშან რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბის - ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მ-ის დიამეტრის გვირაბის მშენებლობა. მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება ხსენებული გვირაბი.

24 საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ რჩება ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის გამოწვევად. გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ 2030 ხედვის ფარგლებში,

2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა პირველი ფაზის პროექტების დასაფინანსებლად. ახლა დაიწყო მეორე ფაზის სამუშაოები. მინდა შეგახსენოთ, რომ განახლდა 727 შენობა და მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და ასევე ქობულეთში ახალი ბულვარი მოეწყო.

ახლა ჩვენ ვიწყებთ ქალაქებისა და კურორტების განვითარების 5 წლიან პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, რომელსაც ბიუჯეტიდან მოხმარდება ერთი მილიარდი ლარი. პროგრამის პირველ ეტაპზე ჩვენ შევარჩიეთ 11 ყველაზე საინტერესო ლოკაცია ტურისტებისთვის და ჩვენი დამსვენებლებისთვის. ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

პროგრამა ქალაქებისა და კურორტების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, ჩვენი მოლოდინი ასეთია და 200 მილიონი ლარი მიემართება წელს ამ პროგრამის პირველი ეტაპის დასაფინანსებლად.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ განახლდება ბორჯომის მთელი ისტორიული არეალი, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქუჩა ან ლოკაცია, არამედ მთელი ისტორიული არეალი და ანალოგიურად ვგეგმავთ ჩამოთვლილ ქალაქებში სრულ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.