ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო ვალი მძიმე ტვირთია და ეს გამოწვევა მთავრობის სამართავია
პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში საგარეო ვალი იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საგარეო ვალის შემცირება ქვეყანაში წელსვე დაიწყება.
"პანდემიის სირთულეებთან გამკლავების ფონე, მთავრობას მოუწია საკმაოდ დიდი, სერიოზული ვალის აღება, კონკრეტულად პანდემიის სამართავად ჯამში 2 მლრდ დოლარზე მეტი და ჯამურად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის აღება მოუწია ქვეყანას გასულ წელს, რაც ბუნებრივია, იყო და არის ძალიან მძიმე ტვირთი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანობაში, ჩვენი მთავრობის სამართავია ეს გამოწვევა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა. ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი. შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც. საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის მართვა და შემცირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.