ეკონომიკა
11/05/2023

ირაკლი ღარიბაშვილი: ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი

რაც შეეხება ფრენებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, მე რამდენიმე დიდ ქვეყანას დაგისახელებთ - ჩინეთი, ზე-სახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა არის ისრაელი ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში და სამეზობლოში აზერბაიჯანი და სომხეთი, აღარ გავაგრძელებ, ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დამსახურებით, საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი.

„ვინაიდან ფრენები ჩვენს შემთხვევაში შეწყვეტილი იყო 2019 წლიდან, ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, მას შემდეგ, ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, ეს რუსეთის გადაწყვეტილება იყო და მას შემდეგ ფრენები აღარ ხორციელდებოდა. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეები, ახლა მე გიყვებით ფაქტებს, როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში, ან ბელორუსიის გავლით, ან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უწევდათ საათობით ლოდინი და რითაც მთავარია 2-ჯერ და 3-ჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ესაა უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ ისწრაფოდა წინა ხელისუფლება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და აღარ გავაგრძელებ, აღარ დაგღლით ამ დეტალებით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა ცნობილი ჩვენთვის გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია, ჩვენ, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არა - მთავარი,“- აღნიშნა პრემიერმა.