ირაკლი ღარიბაშვილი: 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის
პრემიერს მიაჩნია, რომ ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება აუცილებელია და მის გახსნას ალტერნატივა არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნაზე ადვილი არაფერია, თუმცა ეს გამოსავალი არ არის. ღარიბაშვილმა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არცერთი მოქალაქე დარჩეს ყურადღების მიღმა.
"ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ, პრიმიტიული კითხვაა. არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, თუმცა როდესაც ქვეყანაში ჩამოტანილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეკონომიკის ჩაკეტვა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა - „სინოფარმი", „სინოვაკი", „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია აცრების ჩატარება, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა.
ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ცალკეული ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც, სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მე-4 და მე-5 ტალღა ყველგან მიმდინარეობს. ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე, მათ, ვინც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის.
შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ვამაყობ, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.