ეკონომიკა
22/03/2022

ირაკლი დანელია: შავი ზღვის საკონტეინერო ბრუნვის დაახლოებით 35% უბრალოდ განულდება

ომმა შავ ზღვაზე კონფიგურაცია შეცვალა – რა პრობლემების წინაშე დგას დღესდღეობით ლოგისტიკური ჯაჭვი გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ირაკლი დანელიამ ისაუბრა.

MAERSK-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე პრობლემები და გამოწვევები არსებობს. ერთი მხრივ არსებობს უკრაინა, რომელიც ლიდერ პოზიციებს იკავებდა ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთო საკონტეინერო ბრუნვის მიმართულებით და მეორე მხრივ შავ ზღვაზე ასევე წარმოდგენილია რუსეთი, რომელიც უზრუნველყოფდა საკონტეინერო გადაზიდვებს.

"გასული წელი პანდემიის გამო მიძინებული ეკონომიკის გამოფხიზლების წლადაც შეიძლება შევაფასოთ, რაც 2022 წლისთვის პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიდა. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა გააჩერა უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები ვერ იღებენ კომერციულ გემებს, შესაბამისად მოლოდინია, რომ მთლიანი შავი ზღვის საკონტეინერო ბრუნვის დაახლოებით 35% უბრალოდ განულდება. რუსეთი რეგიონალური ბაზრის 27% წარმოადგენს, რაც არ არის მცირე რაოდენობა და ჯამურად ორი ქვეყნის წილი 60%-ზე მეტია, აქედან დაახლოებით 8-10% შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობას მოიცავს დანარჩენი კი საოკეანო გადაზიდვებს გულისხმობს. შესაბამისად, სიტუაცია ასეთია, რომ რეგიონში გვყავს ორი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად უუნაროა ტვირთების მიღება-გაცემის კუთხით.

დღეის მდგომარეობით, ის საიმპორტო სავსე კონტეინერები, რომლებიც მიმართული უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის პორტებში, გადანაწილებული არიან რეგიონის სხვადსხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, ხოლო რუმინეთი ძირითადად გამოყენებულია საბოლოო მიტანის პუნქტის ფორმატში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საიმპორტო ნაკადები კონსტანცას პორტისა და მოლდოვეთის გავლით აღწევენ ქვეყანაში. ეს ბუნებრივია იწვებს კონსტანცას პორტის გადატვირთვას, შესაბამისად არსებობს რაღაც ლიმიტები, რისი გამოყენებაც შესაძლებელია უკრაინული ტვირთების დასამუშავებლად", - აღნიშნავს ირაკლი დანელია.

მისივე თქმით, ლოგისტიკური გამოწვევა მდგომარეობს არა იმაში, რომ უკრაინაში სავსე კონტეინერები ვერ მიდის ან ვერ გამოდის, არამედ იმაშიც, რომ ეს კონტეინერები ცდება და ვერ გამოიყენება სხვა გადაზიდვებისთვის. შესაბამისად, ბაზარზე ცარიელი კონტეინერების მიწოდება არ ხდება, რაც ფასების ზრდას იწვევს.

"რუსეთ-უკრაინას შორის არსებული სიტუაცია არამხოლოდ რეგიონული გამოწვევების წინაშე გვაყენებს ლოგისტიკური თვალსაზრისით, არამედ ამას გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ნაწილშიც," - განაცხადა MAERSK-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა შავი ზღვის რეგიონში.