ირაკლი დანელია: გადაზიდვების ფასი ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება
შესაძლებელია თუ არა კონტეინერების ფასები ძველებურ ფასს დაუბრუნდეს, - ამ თემაზე ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი დანელიამ განაცხადა, რომ თუ გლობალური მიწოდების ჯაჭვს გავაანალიზებთ, ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, კონტეინერების ფასები ძველებურ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება და ვერ გახდება $3000, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.
“გრძელვადიან პერიოდში რთულია ამაზე საუბარი, რადგან არ ვიცით რა წინაპირობა გვექნება, როგორ განვითარდება ამერიკა-ჩინეთის ე.წ სავაჭრო ომი, ვაქცინაციის პროცესი და ა.შ. მაგრამ არსებობს მოლოდინები, რომ მომდევნო წელს ამ მიმართულებით საფასო პოლიტიკა დარეგულირდება," - აღნიშნავს დანელია.
გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ეკონომიკის დოქტორმა ინდუსტრიის გაციფრულებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც გამოსავალზე ვსაუბრობთ თუ რამ შეიძლება სული შთაბეროს ნორმალურ პროცესებს ამ მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს მიწოდების ჯაჭვის მთლიანად ელექტროფიკაცია, რაც ინდუსტრიას საშუალებას მისცემს პანდემიის მიერ გამოწვეული შრომითი რესურსის კოლაფსის გავლენა თავიდან აირიდოს და მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვაჭრობის 92%-ზე მეტი კონტეინერიზებულ გადაზიდვებზეა ორიენტირებული, კერძოდ საზღვაოზე. ვინაიდან საზღვაო ნაწილში არის შეფერხებები ახლა იწყება ის ეტაპი, რომ სახმელეთო გადაზიდვეზე უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება.
„ცხადია, ინტერკონტინენტული გადაზიდვების ალტერნატივა და მისი განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა გააჩნია და გეოგრაფიული მოცემულობაც ხელს უწყობს. ინფრასტრუქტურული კუთხით გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე საოპერაციო პროცესებისა და სახელმწიფოთა შორის შეთანხმებების უზრუნველყოფა.
როდესაც საუბარი გვაქვს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ან კავკასიის რეგიონის გავლით ევროპაში ტვირთზიდვაზე, მნიშვნელოვანია, შეთანხმებები გვქონდეს თავად გამომგზავნ მხარესთან, ამ შემთხვევაში ჩინურ, ყაზახურ მხარესთან. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად ეს გადაზიდვები სუბსიდირებას ექვემდებარება, იძლევა დამატებით შესაძლებლობას გადამზიდისთვის და საბოლოოდ მომხმარებელზე დაბალი ღირებულების პროდუქციით. ამ პროცესში ეკონომიკური დიპლომატია უდიდეს როლს თამაშობს, შესაბამისად სახელმწიფოთა მესვეურებს შორის მოლაპარაკებებმა ინტენსიური ხასიათი უნდა მიიღოს”,–აცხადებს დანელია.