იოსებ არჩვაძე: TRACE International-ის რეიტინგი მიუთითებს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე
„მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ გავლენიანი რეიტინგის კომენტირებისას.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება” - საქართველო, როგორც ითქვა, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს საკმაოდ მოწინავე პოზიციები უკავია ისეთი ინდიკატორებითაც, როგორებიცაა „ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება“, “მთავრობა და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობა” და „სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობა“.
„აღნიშნული კომპონენტებით მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ცალსახად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სეგმენტურიდან სისტემურ წარმატებებზე შეუქცევადი გადასვლის პროცესს, რასაც კარგად ამჩნევენ და ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური და რეიტინგული ინსტიტუტები,“ - განაცხადა არჩვაძემ.
„ზოგადად, კორუფციის დონე მაღალ უარყოფით კორელაციაშია ეკონომიკური განვითარების დონესთან. ანუ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკურად ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო ნაკლებია იქ კორუფციის დონე. მიუხედავად ამ ზოგადი კანონზომიერებისა, საქართველო კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროკავშირის 14 სახელმწიფოს (იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მალტა, ესპანეთი) უსწრებს, ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ და მეტად (32%) ჩამორჩება. აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე. ამასთან, გარკვეულწილად, ეს ჩვენი მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდი დონის მაჩვენებელიცაა. საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში - 19-ე ადგილზეა,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.