ეკონომიკა
02/08/2023

იოსებ არჩვაძე ნათია თურნავას განცხადებებს მრავალი ასპექტით საინტერესოს უწოდებს

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე 2 აგვისტოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც თურნავამ ეკონომიკურ ზრდასა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე ისაუბრა. არჩვაძემ თურნავას განცხადებებს მრავალი ასპექტით საინტერესო უწოდა.

აღნიშნულ ასპექტებზე იოსებ არჩვაძე ვრცლად საკუთარ ფეისბუქ პოსტში საუბრობს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქალბატონ ნათია თურნავას დღევანდელი პრესკონფერენცია მრავალი ასპექტით იყო საინტერესო: ჯერ ერთი, აღნიშნული სტატუსით იგი პირველად წარდგა ჟურნალისტების წინაშე საკუთარი ხედვებით; მეორე, განსაკუთრებით საინტერესო და საგულისხმოა უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირველი პირისაგან იქნა მიღებული ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაზე და ფულად-საკრედიტო, მონეტარული პოლიტიკის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე; მესამე, ქ-ნი ნათია თურნავა გამოირჩევა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა პასუხისმგებ თანამდებობებზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობის მრავალი წლის გამოცდილებით, რაც დიდი აქტივია მისი ამჟამინდელი საქმიანობის მაღალი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, გარკვეულწილად, სიმბოლურიც კი იყო, რომ თავის გამოსვლაში მან ყურადღება ორ საკვანძო საკითხზე, მუდმივ გამოწვევაზე - ფასების და ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე გააკეთა. ხაზი გაესვა, რომ საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მონეტარული განაკვეთი მცირდება 0.25 პუნქტით - 10.25 პუნქტამდე, რის საფუძველზე თითქმის 180 ათას პირს შეუმცირდებათ კრედიტის მომსახურების საფასური. ჩემი აზრით, ეროვნულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდში დაგროვილია იმდენად დიდი პოზიტიური მუხტი, მათ შორის უკვე საკმაო ხნის მანძილზე შენარჩუნებულია დაბალი ინფლაცია, რომ უკვე შეიძლება უფრო თამამი პროგნოზების გაკეთება მონეტარული განაკვეთის შემცირების კუთხით. ამასთან, უკვე გამოიკვეთა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კურსი სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს, ფინანსური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის უზრუნველსაყოფად.საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პოზიტიური ტენდენციები როგორც მონეტარული (განაკვეთის შემცირება), ისე მაკროეკონომიკური კუთხით (ინფლაციის შემცირება), განსაკუთრებით ფასეულია იმ არამდგრადი და მაღალი ვოლატილობის ფონზე, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში.

ჩვენი ქვეყნის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მზარდია, ემყარება ორ ძირითად ფაქტორს - ინვესტიციებს და საგარეო ვაჭრობის აღმავალ ტრენდს და მაღალი ალბათობით, იგი საგრძნობლად გადააჭარბებს 6-პროცენტიან ნიშნულს. ამ მხრივ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონული ლიდერის როლს. ამგვარი ოპტიმისტური დასკვნის საფუძველს გვაძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სარეიტინგო კომპანია Standards&Poor's მიერ საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი პოზიტიური შეფასება, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე,

აგრეთვე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ახლახანს დასრულებული წარმატებული ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და იქ მიღებული ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - წერს იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.

 
Businesspartner