ეკონომიკა
15/08/2023

ინფლაციის წნეხის შემსუბუქების შედეგად, ივლისში საარსებო მინიმუმი ₾249.8-მდე შემცირდა

საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს აღარ განიცდის.

საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი  ივლისში მიმდინარე წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 249.8 ლარია. მაჩვენებლი ივნისთან შედარებით 4.7 ლარით შემცირდა, მართალია საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით არის გაზრდილი 2022 წლის ივნისთან შედარებით, თუმცა ზრდის ტემპი ცალსახად შენელებულია. 

რეკორდულ ნიშნულს საარსებო მინიმუმმა 2023 წლის იანვარში მიაღწია, როდესაც მაჩვენებელი 257 ლარამდე იყო.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის ივლისში 221.3 ლარით განისაზღვრა, ივნისში - 225.4 ლარი, 2022 წლის ივლისში კი - 217.3 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ინფლაციის დონე ქვეყანაში კლებულობს. ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო, მაშინ როდესაც წლის დასაწყისისთვის მაჩვენებელი 9%-იან ნიშნულს აღემატებოდა. ინფლაციის პიკური მაჩვენებელი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში იყო, როდესაც ინფლაციის წლიური დონე 14%-ს აღწევდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა კი არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

Businesspartner