ეკონომიკა
29/09/2021

ილჰამ ალიევი: საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო იმედისმომცემია 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოში პოზიტიური საინვესტიციო გარემოა, გატარებულია ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რომლის საშუალებითაც ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა გადაიჭრა. 

"გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, სადაც განიხილება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა", - განაცხადა ილაჰმ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას. 

მისი თქმით, დღეს ასევე განიხილება საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ტრადიციული მიმართულებები: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირება.

"განვიხილავთ აგრეთვე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტის წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. 

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში იმყოფება.