ეკონომიკა
04/05/2022

"იაპონიისთვის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები ევროპასთან დასაკავშირებლად საინტერესოა"

საქართველო და იაპონია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს შეხვდა. 

მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„საქართველო - იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთაღიარებას, ასევე ინვესტიციებს წაახალისებს ორივე მხრიდან. იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მეტად ლიბერალიზებაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება. ეს ხაზს უსვამს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოშია შექმნილი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.