იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
„შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული შეთანხმების დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილემ მასატაკა ობატამ ისაუბრეს.
კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, საქართველოს იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.
ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
კონვენცია ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.