ეკონომიკა
03/02/2021

იანვარში ინფლაციის დონე დაჩქარდა, თუმცა მაინც მიზნობრივზე ქვემოთაა

ინფლაციის ტემპი იანვარში მცირედით დაჩქარდა, თუმცა სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ რჩება. 2021 წლის პირველივე თვეს წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა, დეკემბრის 2.4%-ის შემდეგ, რაც 22 თვიანი მინიმუმი იყო.

საქსტატის მონაცემებით, გაპლიუსდა თვიური ინფლაციის მაჩვენებელი და იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა ( 2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონე მინუსებში იყო და 1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური წლის ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კლებულობდა, დეკემბერში მაჩვენებელი სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელსაც (3%) კი ჩამოსცდა.