ეკონომიკა
03/02/2022

იანვარში ინფლაცია კვლავ 14%-იან ნიშნულზეა

ინფლაცია კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა. საქართველოში 2022 წლის იანვარში მაჩვენებელი 13.9%-ს აჩვენებს, ისევე როგორც 2021 წლის ბოლო თვეში.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6%-ით განისაზღვრა.

მაღალი ინფლაციის პირობებში სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე შეინარჩუნეა. ცენტრალური ბანკი ინფლაციის შემცირებას გაზაფხულიდან ელის და ვარაუდობს, რომ 2022 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (რომელიც 3%-ია) მიუახლოვდება.