"იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - 7,1%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"
იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - 7,1%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 7,1%-ია ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში 8%-ზე მეტი გვქონდა და თებერვალში - 5,8%. ანუ, საერთო შეწონილი საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7,1%, რაც ძალიან მისასალმებელია და მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა დაასახელა დარგები, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ესენია: მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა სექტორები.