ეკონომიკა
27/03/2023

GWP ქსელის რეაბილიტაციაში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

წყალმომარაგების ამორტიზებული ქსელის გამოსაცვლელად კომპანია GWP საკმაოდ დიდ ინვესტიციას განახორციელებს - ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია აცხადებს.

კომპანიაში ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ინვესტიციის შეთანხმებასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„ჯერ ვერ გეტყვით სამომავლო ინვესტიციის მოცულობას, რადგან ჩამოსაყალიბებელი ვართ ამ მიმართულებით, მაგრამ, ვამბობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია „ბიზნესპარტნიორთან“.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მისი თქმით, წელს, კომპანია 200 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და ბევრ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტშია ჩართული.

„სამომავლოდ ეს მოცულობა იქნება უფრო მაღალი, რადგან საკმაოდ დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული ამორტიზებული ქსელის გამოცვლა“ - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა კომპანია წყალმომარაგების შეწყვეტით უკმაყოფილო მოსახლეობას, GWP-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ ქალაქი უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო და უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. პირიდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 7-8 წელიწადში ბევრად უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, ვიდრე მანამდე 30 წლიან პერიოდში განხორციელდა. ეს პერიოდი იყო ჩავარდნა - დაწყებული 1990-იანი წლებიდან, რა თქმა უნდა, აისახა ქსელის ამორტიზებაზე. ალბათ, ყველა ამჩნევს რომ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა ქალაქის მასშტაბით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“ - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

Businesspartner