გვენეტაძე: ინფლაციური წნეხის შერბილების მთავარი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა
"ბიზნესპარტნიორის" კითხვას თუ როგორია ეროვნული ბანკის მკაცრი პოლიტიკის შედეგების პროგნოზი, მათ შორის ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის თავლსაზრისით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პასუხობს.
მისი განცხადებით, როგოც ეს უკვე არაერთხელ აღუნიშნავთ, პანდემიამ საკმაოდ გაართულა ეკონომიკური ურთიერთობები, დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, გაძვირდა საერთაშორისო გადაზიდვები და შეიქმენა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, რამაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მაღალინფლაციური გარემო წარმოქმნა.
"ამ ფაქტორებზე გავლენა ეროვნულ ბანკს ვერ ექნება, თუმცა ჩნდებოდა რისკი, რომ ხანგრძლივ პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაცია შეიძლება მოლოდინებში გადაზრდილიყო. ზუსტად ამიტომ, მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა დაიწყო, გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა.
როდესაც მარტის წლიური ინფლაცია გამოქვეყნდება, ვფიქრობ, მასში დომინანტური როლი ენერგომატარებლებს ექნება, ხოლო ეს რუსეთ-უკრაინას ომის დროს განვითარებული მოვლენების შედეგია, რომლის გარეშეც ინფლაცია შემცირდებოდა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ველოდით. ნავთობპროდუქტები მთელ მსოფლიოში გაძვირდა და როგორც ვიცით, რუსეთის ეკონომიკას გლობალური წარმოების ჯაჭვში თავისი პოზიცია აქვს და მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ნედლეულის და ენერგო რესურსების მიმწოდებელია, აქედან გამომდინარე, ბევრ ეკონომიკას უწევს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, წარმოების ჯაჭვების გადაწყობა, რაც ხარჯებს აძვირებს. ამასთან, ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა, გლობალურად და საქართველოში, ინფლაციაზე წნეხს გამოიწვევს"-აღნიშნავს, კობა გვენეტაძე.
მისივე გამცხადებით, საქართველოს საზოგადოებას და ბიზნესს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მოკლევადიან პერიოდში მსგავსი რყევები არის ის ფასი, რომლის გაღების პასუხისმგებლობაც მსოფლიოს ჯანსაღმა ნაწილმა იტვირთა, იმისათვის, რომ ცხოვრება დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროში გაგრძელდეს.
"ეს ის არჩევანია, რომელიც პროგრესულმა მსოფლიომ გააკეთა და მტკიცეც მჯერა რომ საქართველო ამ ვითარებაში სწორ მხარეს დგას. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი თავისი ბერკეტების საშუალებით წვლილს შეიტანს დამატებითი ინფლაციური წნეხის შერბილებაში და ამისათვის მთავარი ბერკეტი სწორედ მონეტარული პოლიტიკაა."- ამბობს, სებ-ის პრეზიდენტი.