გვენეტაძე: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის გაუმჯობესებაში წვლილი სებ-მაც შეიტანა
კობა გვენეტაძე „ფრეიზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს აფასებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, რეიტინგი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორების ნდობაზე.
„ბოლო მაჩვენებელი რომელიც გამოქვეყნდა, არის გაუმჯობესებული საქართველოსთვის და ეროვნულმა ბანკმაც მისი პოლიტიკით თავისი წვლილი შეიტანა ამ გაუმჯობესებაში. აქ რამდენიმე ფაქტორია: ერთი არის საკრედიტო ბაზრის რეგულაცია, სადაც მაქსიმალურთან მიახლოვებული ქულა აქვს საქართველოს. ამავე დროს, ინფლაციის მერყეობის შეფასება სადაც ასევე, მაქსიმალურთან ახლოს არის აღნიშნული ქულა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ასეთი ინსტიტუტების დადებით შეფასებას მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
„პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, როგორც გლობალურად ასევე საქართველოში. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მნიშნველოვანია და ეს შეფასება მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს. ხშირად გაუკრიტიკებიათ ეროვნული ბანკი, სხვადასხვა რეგულაციების გამო, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმისათვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში და მოგვემზადებინა ზოგადად სისტემა ასეთი სირთულეებისათვის. ამ შეფასების მიხედვით, საკრედიტო ბაზარი არის შეფასებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და ლიბერალურად მოქმედი ბაზარი", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.