ეკონომიკა
27/10/2021

გვენეტაძე: დიახ, გვაქვს მაღალი ინფლაცია, თუმცა ამას ობიექტური წინაპირობები აქვს

რამდენად მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს დღეს ინფლაცია და გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ინფლაციის შესამცირებლად- "ბიზნესპარტნიორის" კითხვებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პასუხობს. 

გვენეტაძის თქმით, ინფლაცია გლობალური პრობლემაა, რაც პანდემიის არაორდინალურმა ვითარებამ გამოიწვია  და მაღალ მაჩვენებელს თავისი ობიექტური წინაპირობები აქვს. 

“ბოლო ინფორმაციით ინფლაციის მაჩვენებელი არის 12.3%, ჩვენი შეფასებით, აქედან 8-8.5 პუნქტი ისეთ ფაქტორებზე მოდის რაზეც მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია, ამაში შედის მსოფლიოში გაძვირებული სურსათის საწვავის და სხვა პროდუქტების ფასები, ასევე გლობალურად გაძვირებული ტრანსპორტირება, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების საბოლოო ფასსზე აისახება.

მაგალითად, მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და გასული წლის სექტემბერთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი. ნავთობის ფასები 7 წლის მაქსიმუმზეა და წინა წელთან შედარებით ფასები გაორმაგებულია. რაც შესხება ტრანსპორტირების ხარჯებს, ჩინეთიდან ევროპაში დაახლოებით 5-ჯერ არის გაძვირებული, ხოლო მსოფლიოში საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების მხოლოდ კვარტალური ზრდა 30-65%-ის ფარგლებშია.”- აღნიშნავს, კობა გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, არის კომენტარები, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ინფლაციებს შორის მე-16 ადგილზეა, თუმცა ვისაც ეს სტატისტიკა მოჰყავს, უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და უფრო ნეტად დაზარალდა, ვიდრე არატურისტული ქვეყნები.

“თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში 12% იყო, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 2%-მდე შემცირდა. შესაბამისად ეს შოკი საქართველოსთვის უფრო დიდია, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, დიახ მაღალი ინფლაცია გავქვს, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური წინაპირობები.”-აცხადებს, სებ-ის პრეზიდენტი.

გვენეტაძის განმარტებით, იმისათვის რომ მოლოდინებში არ გადაიზარდოს ინფლაცია, ეროვნული ბანკი ამიტომ ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს.