“გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში“
„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ Covid-19-ი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც გვაქვს საკმარისი რესურსი ამისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ.
მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.