"გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა რეკორდული იქნება"
"ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით. პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე გვაქვს იანვარ-აგვისტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ "საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 14 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
მისივე თქმით, საექსპორტო პოტენციალის შემდგომი ზრდა, დივერსიფიკაცია და ექსპორტის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
"არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ველოდებით, რომ 2023 წელიც იქნება რეკორდული საგარეო-სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მიმართულებით, ისევე, როგორც 2022 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგარეო ვაჭრობაში“- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.