ეკონომიკა
03/04/2023

"გვაქვს ინტერესი, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მის მშენებლობას 2-3 წელი დასჭირდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება იგეგმება. მათ შორისაა,ანაკლიის პორტი და ახალი აეროპორტი. 

"მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, გვინდა, რომ მშენებლობა, წელსვე, შემოდგომაზე დავიწყოთ. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს.

ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.