ეკონომიკა
27/04/2021

გურჯაანის მერი: რეგიონების განახლების პროგრამა მასშტაბური სამუშაოების შესაძლებლობას მოგვცემს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა დაეხმარება რეგიონს, იყოს ტურისტულად უფრო მეტად მიმზიდველი, ვიდრე დღეს არის.

„ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ მხარის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ის მხარში გვიდგას რათა რეგიონში შეძლებისდაგვარად მეტი თანხის აკუმულირება მოხდეს. შემდეგ კი ეს ფრონტი გახსნილი იყოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და არცერთი მათგანი დარჩეს პროექტის გარეშე. პრემიერის მიერ გაჟღერებული 500 მილიონიანი პროგრამა მალე საქმედ იქცევა,“ - აცხადებს ხანდამაშვილი.

მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შეიქმნება კომისია, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სწორედ ამ კომისიის მიერ მოხდება მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტების (იმ ლოკაციის, შერჩევა, რომელიც ქალაქში უნდა განვითარდეს) შერჩევა და მათი დაფინანსება.

“მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა რა მიმართულებით წავა. ქალაქ გურჯაანში ინფრასტრუქტურული კუთხით ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოზიდული თანხებიდან  დიდი წილი მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება,“ - აცხადებს ხანდამაშვილი.

კითხვაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ბევრად მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოხდეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის აღნიშნავს, რომ ფასადური სარემონტო სამუშაოები, რომელიც თვალშისაცემი იქნებოდა და ხარისხიანად უნდა გაკეთებულიყო ამა თუ იმ მიმართულებით, ამისთვის არ არის საკმარისი.

როგორც ხანდამაშვილი აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში რეკრეაციული და კულტურული მიმართულებები, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი არამარტო ინფრასტრქტურული სამუშოებით გაიზარდა.

მისი განცხადებით, კულტურული მიმართულებით რეგიონში საკმაოდ ბევრი სამუშაოები ჩატარდა, რაც საკმაოდ ბევრ ვიზიტორში გამოიხატა. მაგალითისთვის, ღვინის ფესტივალი, სადაც 30 000 ადამიანამდე ვიზიტორს უმასპინძლა გურჯაანის მუნიციპალიტეტმა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, გურჯაანში ჩამომსვლელს დახვდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კორპუსები და ზოგადად, მხარე ტურისტულად მიმზიდევლი იყოს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში დავით სონღულაშვილის და ჩემს მოსვლამდე 3 მილიონს ვერ აცდა რეგიონული განვითარების ფონდიდან წამოღებული თანხები. დავითის დამსახურებით, ჯამში გასულ წელს მიუხედავად პანდემიისა, ეს თანხა 30 მილიონ ლარზე მეტი,“ - აცხადებს ხანდამაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი იმ სამუშაოებსაც ასახელებს, რომელიც  გასულ წელს რაიონში, მუნიციპალური განვითარების ფონდის  ფინანსური დახმარებით გაკეთდა. მათ შორისაა: გურჯაანის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით მოეწყო ტექნოპარკი, რომელიც მნიშვნელოვანია მხარის ახალგაზრდებისთვის.  ხანდამაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს გაშენდა ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც ძალიან მალე  ფუნქციონირებას დაიწყებს.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. მისი განხორციელების პროცესში, პრემიერის განცხადებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.