ეკონომიკა
24/11/2021

გურამ გურამიშვილი: ყაზახეთთან ჯერ კიდევ გვაქვს აუთვისებელი პოტენციალი თანამშრომლობისათვის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ხედავს.

გურამ გურამიშილმა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია, რომლებმაც ახალი ფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შექმნეს და განავითარეს. 

„ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ჯერ აუთვისებელი პოტენციალი მომავალი თანამშრომლობისათვის. საერთო ძალისხმევით შევძლებთ მოვახდინოთ ამ პოტენციალის რეალიზებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა გურამიშვილმა და ყაზახეთთან სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

"ვთავაზობთ ყაზახეთს, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს დერეფანი ტვირთების გადასაზიდად ევროპის და უკუმიმართულებით ვინაიდან საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით რეგიონში და ამასთან, იგი რჩება უსაფრთხოების სტანდარტების ერთგული," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისი თქმით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში; საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.

მინისტრის მოადგილემ ამავდროულად აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებასთან, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო  სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა. საქართველოსა და ყაზახეთს შორის, კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად,  აღინიშნება დადებითი ტენდენცია საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების ზრდის კუთხით. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით გადაზიდვების მოცულობამ შეადგინა 300.4 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.4% მეტია," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.