გურამ გურამიშვილი: ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო
ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს.
"უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ კორიდორში კონტეინერების რაოდენობა პირობითად, 40-50 ათასამდე გაიზრდება. ეს ძირითადად იქნება ცენტრალური აზია და ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები. გამოყენებული იქნება, როგორც ჩვენი პორტები, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც",- განაცხადა გურამიშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს აპრილში შეხვდა.
ყაზახურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ დერეფანში. აღინიშნა, რომ უკვე 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას გასწევენ, რათა მოიზიდონ და გრძელვადიან პერსპექტივით მოემსახურონ ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოსა და ყაზახეთზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებში.