ეკონომიკა
20/10/2023

გურამ გურამიშვილი: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ ქვეყნის პოზიციონირება და შესაძლებლობები

რამდენიმე დღეში საქართველო, თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმს" მეოთხედ უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება გლობალურ ეკონომიკებსა და სხვადასხვა ქვეყნებთან  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

"ჩვენი მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ ქვეყნის პოზიციონირება და შესაძლებლობები. 2 დღიანი ფორუმის ფარგლებში, 10 სესიაა დაგეგმილი, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ასევე ვაჭრობის თემებს მოიცავს.

ღონისძიების ფარგლებში, მოდერატორებად მოწვეული არიან Deutsche Welle-სა (გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია) და BBC-ს მოდერატორები,"-აცხადებს გურამიშვილი.

მისივე განმარტებით, პირველი დღე აღნიშნულ სესიებს დაეთმობა, ხოლო მეორე დღე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. გარდა ამისა, გურამიშვილის ინფორმაციით, შუა კორიდორის გამტარობის მნიშვნელობა გაზრდილია და შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შუა კორიდორს გარკვეული გამოწვევები აქვს, რომელიც საგზაო რუკაზეა ასახული, რომელსაც გასულ წელს, ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა. საგზაო რუკა 2027 წლამდეა გაწერილი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც შუა დერეფნის გამტარიანობას გაზრდის, ეტაპობრივად განხორციელდება.

ცნობისთვის, თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა,  საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

26 - 27 ოქტომბერს თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება.

Businesspartner