ეკონომიკა
08/02/2021

გოგიტა თოდრაძე სტატისტიკის სისტემის წარმატებაზე: ეს საერთაშორისო აღიარებაა

ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, - ასე აფასებს  საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი Open Data Watch-ის ანგარიშში საქართველოს სტატისტიკის სისტემის მოწინავე პოზიციებზე მოხვედრას.

როგორც გოგიტა თოდრაძე განმარტავს, ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია,  რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია,  მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში სახელდება. 

ორგანიზაცია Open Data Watch-ის ანგარიშის მიხედვით,  ოფიციალური სტატისტიკის სისტემის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი წინა პერიოდთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ორგანიზაცია Open Data Watch დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გაეროს სტატისტიკის კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად გვევლინება. იგი მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასებას ახორციელებს პერიოდულად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით., როგორიცაა საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან შესაბამისობა, მოცვის ხარისხი, გამჭვირვალობა და სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა.