ეკონომიკა
26/03/2021

GNCC: კავკასუს ონლაინის უკანონო მფლობელი საქართველოს კანონის განზრახ დარღვევაზე საუბრობს

კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს, მარეგულირებელი  შეშფოთებულია „კავკასუს ონლაინის“  უკანონო მფლობელის ნასიბ ჰასანოვის წარმომადგენლის, თემურ თაგიევის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, სადაც ის უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის უარის მიუხედავად, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ განზრახ დაარღვია, რადგან მისი აზრით კანონიერად  შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს  სხვანაირად ვერ შეიძენდა.

„აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია  ნასიბ ჰასანოვის მხრიდან ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფა. თაგიევი მედიასთან საუბრისას ღიად აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანისთანავე, მათ დააჩქარეს პროცესი, რათა მიხვდნენ, რომ სპეციალური მმართველის პირობებში, კანონს ვეღარ დაარღვევდნენ და 51%-ს ვეღარ იყიდნენ. 

გარდა ამისა, ნასიბ ჰასანოვის მიერ 2020 წლის აგვისტოში  „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წლის უკანონო შეძენის შესახებ ინფორმაცია, საარბიტრაჟო სასამართლოში მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდანაც დასტურდება. 

ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე,  ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს  ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“   შეძენის პროცესში, 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო  ვალდებულება იმის შესახებ, რომ კანონის მოთხოვნებს შეასრულებდა და კომუნიკაციების კომისიისგან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას აიღებდა“-ნათქვამია განცხადებაში.