ეკონომიკა
09/02/2022

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები და რისკები - კობა გვენეტაძე კელი დეგნანს შეხვდა

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება - ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა.

კობა გვენეტაძემ ამერიკის ელჩს ქვეყანის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა. თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას.

შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს  ეკონომიკაზე. აღინიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა ფინანსური სტაბილურობის შეფასების დოკუმენტებმა (International Monetary Fund Financial System Stability Assessment და World Bank Financial Sector Assessment Report) ცალსახად დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ეფექტური ზედამხედველობისა და რეფორმების წვლილი მძიმე პანდემიურ პერიოდში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.   

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ესწრებოდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან პოლიტიკური ოფიცერი ჯინ ფოსტერი.