გიორგი პაპავა: წელს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების მოლოდინი აღარ არსებობს
გაზრდილი ინფლაციის მოლოდინების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-მდე გაზრდის შესახებ სებ-ის გადაწყვეტილებას, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა ლოგიკურს უწოდებს.
როგორც გიორგი პაპავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის შესახებ ბაზარზე უმრავლესობის, მათ შორის ეკონომისტების მოლოდინი სწორედ 50 პუნქტიანი გამკაცრებისკენ ქონდათ, თუმცა განიხილებოდა უცვლელად დატოვების ვარიანტიც. რაც განპირობებულია იმით, რომ თავად ეროვნული ბანკის მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნდებოდა, ახლა ასეთი პროგნოზი აღარ არსებობს.
"წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ, სამწუხარო მოვლენები განვითარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რამაც ბევრი პროგნოზი "არია", მათ შორის ფასებთან დაკავშირებით. გაიზარდა ნავთობის, მეტალის, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სხვა. ამასთან დაირღვა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს შემთხვევაშიც და ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების რისკები გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში ფასებში აისახა.
მიუხედავად ძალიან დიდი შოკისა საქართველოსთვის, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, ვთვლი, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები თუნდაც საბანკო სექტორში საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ ლარი დასტაბილურდა, ამას ემატება საბანკო სექტორის მდგრადობა და ეკონომიკის ზრდის დადებითი მოლოდინი, ამიტომ ჯერ განგაშის სურათი არ გვაქვს. მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომლის გამოც ეროვნულ ბანკს უწეევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მნიშვნელოვანია თუ როგორ შევძლებთ ინფლაციასთან გამკლავებას. თუმცა, არც მთავრობას და არც სებ-ს ინფლაციის დონეზე დიდი გავლენა არ აქვს, მათზე არ არის დამოკიდებული ინფლაციის ფაქტორები, უბრალოდ დარტყმის მასშტაბის შემცირება შეუძლიათ," - აღნიშნავს გიორგი პაპავა.