გიორგი პაპავა: გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს
მთელი ქვეყნის ერთ გუნდად გაერთიანება და მოთხოვნა ახალ-ახალი ნაბიჯები გადაიდგას ინფლაციის მოსათოკად არასწორია, - ასეთია ISET -ის მთავარი ეკონომისტის გიორგი პაპავას მოსაზრება.
გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გიორგი პაპავამ ინფლაციაზე მოქმედ შიდა და საგარეო ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორი იქნება ინფლაციის ტემპი რთულად საპროგნოზოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. უკვე 10%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის მეტად გაზრდას კი შესაძლოა ეკონომიკაზე ნეგტიური გავლენა ჰქონდეს და ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.
„არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკია ვინც ვერ პროგნოზირებს რა ტემპით შეიძლება მოხდეს აპრილის შემდეგ ინფლაციის კლება, არამედ იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ექსპერტები, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემაც ვერ ამბობს ეს ინფლაცია არის მოკლევადიანი ფენომენი თუ შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელდეს. როდესაც ამ რეალობაში ვართ - ერთი მხრივ შიდა ფაქტორებშიც ვერ ვხედავთ რამდენად კარგად შევძლებთ მართვას და ამავდროულად საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვან გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული, კრიტიკული ნაბიჯების გადადგმა ეროვნული ბანკის მხრიდან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, - განაცხადა გიორგი პაპავამ და აღნიშნა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გადაცემამ შესაძლოა შემდეგ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს, რაც უფრო კრიტიკული იყოს ქვეყნისთვის.
პაპავა მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი ეკონომიკის სტიმულირებაზე უნდა მოხდეს და შეძლებისთანავე მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს.