ეკონომიკა
11/03/2021

გიორგი ქობულია FDI-ზე: ქვეყანა დაკეტილი იყო, ასეთი ვარდნა გასაკვირი არ არის

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

როგორც ქობულია განმარტავს, ეს მაჩვენებელი ბუნებრივია იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც პანდემიის თვალსაზრისით საქართველოში იყო.

„როდესაც ეკონომიკა ღია იყო, მაშინ გვქონდა ვარდნა, ახლა კი როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად დაკეტილი გვაქვს რამდენიმე ხნის განმავლობაში, რა გასაკვირია, რომ FDI დაეცა? 53%-ზე მეტად რომ არ დაეცა ეგ მიკვირს მე უფრო.

პანდემიამ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ინვესტიციებზე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო. ადამიანმა, რომ ინვესტიცია გააკეთოს, უნდა ჩამოვიდეს, ბიზნეს აქტიურობა არ  არის და ქვეყანა დაკეტილი იყო პრაქტიკულად, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ციფრი დაიდო,“ - აცხადებს ქობულია.

როგორც ცნობილია, საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.

სამი უმსხვილეს სექტორზე მოდის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 93%. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9%-ია. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით.