ეკონომიკა
08/10/2021

გიორგი კაკაურიძე: წელს და მომდევნო წელს უნდა შევძლოთ შევამციროთ საბიუჯეტო დეფიციტი

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. პროექტს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავენ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%-იან ზრდაზე.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა პანდემიის მაღალი მაჩვენებლის პირობებში და შესაბამისად ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული.

მოგვიანებით განხორცილებული საბიუჯეტო ცვლილებებით ბიუჯეტში აისახა ის ტენდენციები, რაც აპრილის შემდეგ ქვეყანაში იყო და გაიზარდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი.

„ივნისის შემდგომ არსებული მონაცემები საკმაოდ კარგია, რაც გვაძლევს საფუძველს კიდევ ერთხელ განვაახლოთ და გავზარდოთ მიმდინარე წელს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი და ნაცვლად 7,7 პროცენტისა, წარმოდგენილ ბიუჯეტში წლევანდელი პარამეტრი 9,5%-ითაა ასახული. მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 6%-ია. ჩვენ წელს და მომდევნო წელს უნდა შევძლოთ და საკმაოდ დიდი მოცულობით შევამციროთ საბიუჯეტო დეფიციტი, სწორედ ამას ეფუძნება წელს წარმოდგენილი ბიუჯეტი. წელს გვაქვს 6,9% დეფიციტი, რომლის შემცირებაც 6, 6%-მდე არის ნავარაუდევი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 15.193 მლრდ-მდე.

"ეს თანხა იძლევა საშუალებას ერთი მხრივ შემცირდეს დეფიციტის მაჩვენებელი და რიგი მიმართულებებით გაიზარდოს ხარჯვითი ნაწილი. დეფიციტის შემცირება ითვალისწინებს ვალის შემცირებასაც. ვალის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 61%-ს შეადგენდა,", - განაცხადა კაკურიძემ. მისივე განმარტებით, ეს კრიტიკული ზღვარია და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ვალის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებულ პარამეტრს, 40%-იან ნიშნულს უნდა დაუახლოვდეს.

ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს. თანხების გადანაწილება სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების კუთხით არის განსაზღვრული.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის პენსიების 20 და 25 ლარით ზრდას ითვალისწინებს. ჯანდაცვის პროგრამებისთვის 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით-820 მილიონი ლარი. გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და შეადგენს 2 მლრდ 844 მლნ ლარს, რაც მომხსენებლის განმარტებით, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას უკავშირდება.

განათლების მიმართულებით, ბიუჯეტი 1 იანვრიდან საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასების 100 ლარით ზრდას ითვალისწინებს. გათვალისიწნებულია სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა.

გიორგი კაკურიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამოინახოს რესურსი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გასაზრდელად. დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად, მინისტრის მოადგილის განცხადებით 1მლნ. 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტშია ასახული. ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.