ეკონომიკა
14/03/2022

გიორგი ჯახუტაშვილი: ყაზახეთმა რეგიონში, შესაძლოა, "შემსუბუქების როლი" იკისროს

რა მდგომარებოაა ყაზახეთში პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ამ თემაზე ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საუბრობს.

გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, რთულია ახლა შეფასდეს ყაზახეთში არსებული მდგომარეობა, თუმცა არის პოლიტიკური სტაბილურობა და არსებობს მყარი ხელისუფლება, რომელმაც რეფორმების დაწყების აუცილებლობაზე განაცხადა და საზოგადოება, მათ შორის ბიზნესი ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესშია, რადგან ქმედებები დროს მოითხოვს.

"სასწრაფო ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული, თუმცა შეიძლება ეს სწორიც არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყაზახეთი შუა აზიის ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და მსოფლიო მაშტაბით მე-9 ქვეყანაა ზომით, რომელსაც ესაზღვრება ჩინეთი, რუსეთი და რა თქმა უნდა, ისინი ფრთხილობენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ასევე, არიან რუსეთთან კავშირში, მაგრამ ყაზახეთი თავის პოზიციას მაინც აფიქსირებს ყველა მიმართულებით. ბანკებთან და მსხვილ კომპანიებთან მიმართებაში ინვესტიციების გადინება არ შეინიშნება, თუმცა ქვეყნიდან ფულის გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მონიტორინგი არსებობს, მაგრამ ლოკალურ ან საერთაშორისო ინვესტიციებს საფრთხე არ შექმნია, ამის ფაქტები არ არსებობს," - ამბობს ჯახუტაშვილი.

ყაზახეთის როლი, უკრაინა-რუსეთის ომის დროს ხორბალთან მიმართებაში უფრო გამოიკვეთა. ამასთან, ფაქტობრივად გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა მიმდინარე წელს ხორბალს ექსპორტზე ვერ გაიტანს უკვე მიღებულია, ასევე რუსეთი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით.

ამის ფონზე, რა პოზიცია ან შესაძლებლობები აქვს ყაზახეთს და შეიძლებს თუ არა ის მსოფლიო ბაზრისთვის სტაბილიზატორის როლი შეასრულოს, გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ ყაზახეთის საექსპორტო მოცულობა გაცილებით დაბალია რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში. ასე რომ, ის ვერ იქნება მსოფლიოსთვის დამაბალანსებელო მოთამაშე, თუმცა ყაზახეთმა შეიძლება რეგიონში გარკვეული შემსუბუქების როლი იკისროს, თუმცა ესეც დამოკიდებულია ლოგისტიკაზე.

"სამწუხაროდ, ყაზახეთს არ აქვს საექსპორტო ინფრასტრუქტურა იმ დონეზე განვითარებული თავის კასპიის პორტებში, რომ მან შეძლოს მთელი ტვირთების გადაზიდვა. 23 მლნ ტონა პროდუქციის დამუშავების შესაძლებლობა აქვს ყაზახეთს, აქტაუს და კურიკის პორტებს, საიდანაც 600 ათასი ტონაა მხოლოდ ხორბლის გადატვირთვა ელევატორების მეშვეობით. თუ ალტერნატიული მექანიზმები დროზე არ გამოიძებნა ან ალტერნატიული გამოსავალი არ მოვიფიქრეთ, თუ როგორ მოხდეს ამ ხორბლის გადმოზიდვა ჩვენს რეგიონში, სერიოზული პრობლემა შეიქმნება. ამას სჭირდება სავაგონო პარკი, რომელმაც ყაზახეთიდან ფოთის პორტის მიმართულებით უნდა გადმოიტანოს ტვირთი, მოხდეს დასაწყობება და შემდგომ ვაჭრობა," - ამბობს ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილი.