გიორგი ჯახუტაშვილი: ყაზახეთიდან წლიურად $100-200 მლნ-ის ინვესტიციის მოზიდვა შეგვიძლია
ყაზახი ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი გაზრდილია, თუმცა უფრო მეტად ტრადიციულ ბაზრებზე, უძრავი ქონება, ფინანსური სექტორი... – აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.
გიორგი ჯახუტაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ყაზახეთს სჭირდება კაპიტალის დივერსიფიკაცია, ხოლო საქართველო მათთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ბაზარია, როგორც ფიზიკურად, ასევე ენობრივი ბარიერისა და კულტურის მხრივ.
"ახლა უკვე საქართველოზეა ჯერი, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეთავაზების და ამ პროექტების დროულად განხორციელების, რადგან ვიცი რამდენიმე პროექტი, რომელიც მზად არის ფინანსურად და ყველანაირად, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო პროცესი იწელება. ეს რა თქმა უნდა, ყაზახი ინვესტორების მხრიდან გამოიწვევს არსებული მზარდი ინტერესის შენელებას.
რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ყაზახეთიდან 2021 წელს ჯერ ზუსტად არ ვიცით, ველოდებით წლის დასრულებას, რადგან მიმდინარე პროცესია, თუმცა არის მოლოდინი, რომ ამ წლის მონაცემები წინა წელს აჯობებს," – აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.
მისივე თქმით, ყაზახეთს საქართველოში უკვე $350 მლნ აქვს ინვესტირებული და ისიც კი საშიში ტენდენცია იქნება თუ ისინი ქვეყნიდან კაპიტალის გატანას დაიწყებენ.
"პირველ რიგში, ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა, რომ რაღაცნაირად შევაჩეროთ მსხვილი ინვესტიციების გადინება, ვისაუბროთ პრობლემებსა და საჭირობებზე, რომ შემდგომში ვესაუბროთ უკვე კერძო ბიზნესს, რადგან თუ მსხვილი ბიზნესი გავიდა ბაზრიდან, ყაზახურ კერძო ბიზნესს უკვე ვეღარ დაველაპარაკებით საქართველოში დიდი ინვესტიციების განხორციელებაზე. თუმცა, თუ ეს შევძელით და რამდენიმე წარმატებული ბიზნესი გავაკეთეთ, მაგალითად, წელს თუ ყაზახური ინვესტიციები $15-$20 მლნ-ს ვერ გადააჭარბებს, მომავალში შეგვიძლია წლიურად $100-200 მლნ-ს მივაღწიოთ," – ამბობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.