გიორგი ღაღანიძე: წელს უკეთესი სავაჭრო სალდო გვექნება
სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას ელის. 2020 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდოს გაუმჯობესებას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე არსებული მონაცემების გათვალისწინებით ელის - როდესაც ექსპორტი ზრდის, იმპორტი კი კლების ტენდენციით გამოირჩევა. "უკეთესი სავაჭრო სალდო გვექნება, ვიდრე გასულ წელს გვქონდა,“ - ვარაუდობს გიორგი ღაღანიძე.
ღაღანიძე "ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს საექსპორტო პოტენციალსა და მისი გაზრდის შესაძლებლობებზე საუბრობს. ექსპერტი აცხადებს, რომ არ არის იმპორტჩანაცვლების სტრატეგიის მომხრე.
"ნაკლებად ვარ მომხრე იმპორტჩანაცვლების სტრატეგიების, რადგან ეს შეზღუდულია შესაძლებლობებში. ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ახალი ბაზრების მოძიება ტრადიციული საქონლისთვის და ახალი საექსპორტო პროდუქტების შეთავაზება ტრადიციული ბაზრებისთვის. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ასევე დსთ-ს სივრცეში და თურქეთთან. ამასთან, ვაჭრობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გვაქვს აშშ-სთან - ამ მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. აშშ-სთან უკვე არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც მოგვცემს უნიკალურ შესაძლებლობას, გავამრავალფეროვნოთ საექსპორტო პროდუქცია", - აცხადებს გიორგი ღაღანიძე.
მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, ნედლეულის ექსპორტიდან მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე გადასვლა.
"ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს. საჭიროა თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება. ამისთვის კი აუცილებელია განათლების და მეცნიერების დაფინანსება, რაც მოგვცემს შესაძელბლობას გადავიდეთ თანამედროვე სამრეწველო პროდუქციაზე, რომლითაც შევძლებთ გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, ფინანსური ასპექტი შედარებით ნაკლებად განიხილება, ვინაიდან აქ მთავარი არის არა რესურსი, არამედ წვდომა იმ ტექნოლოგიასა და პროდუქტზე, რომელიც არის მეცნიერებადტევადი", - განმარტავს ღარანიძე.