ეკონომიკა
22/03/2022
გერმანულ-კვიპროსული გემთმფლობელი კომპანია 10%-ით მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს
გერმანულ-კვიპროსული გემთმფლობელი კომპანია თავის ხომალდებზე 10%-ით მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და გერმანული გემთმფლობელი კომპანია 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით. დღეის მონაცემებით 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ი 1000-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს ასაქმებს. იგეგმება კომპანიის გააქტიურება საკრუინგო ბიზნესში ქართველების დასაქმების მიმართულებითაც.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კომპანიის დირექტორატთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის ზრდაზე შეთანხმდენენ. თამარ იოსელიანის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელს შორისაც, რაც პირველ რიგში, სტუდენტების, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება.
𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს ჰაჯიპეტროვი და საოპერაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და საზღვაო დირექტორი, კაპიტანი ლეონიდ ზალენსკი ქართველ მეზღვაურებს შეხვდნენ და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს კომპანიის მფლობელობასა და მართვაში არსებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე. გემთმფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველო იყო და რჩება სანდო და პროფესიონალი კადრების მიწოდების მნიშვნელოვან წყაროდ.
𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380-მდე გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი. 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁 1999 წლიდან დღემდე ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.