ეკონომიკა
11/08/2021

Georgia Capital: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აძლიერებს ლარს და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ლარის გაძლიერებას და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს, - Georgia Capital-ი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე, თავის ანგარიშში ეხმიანება.

ჯგუფი მიიჩნევს, რომ ლარი საუკეთესო აქტორია რეგიონში და ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი სიმყარე, მისი შემდგომი გაძლიერების პოტენციალზე მიათითებს.

Georgia Capital-ი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და ეროვნული ბანკის მიერ დიფერენცირებულ საპროცენტო განაკვეთზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპს დააჩქარებს; ამავდროულად უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნებზე დაწესებული რეგულაცია ხელს შეუწყობს დეპოზიტების ლარიზაციას და გაზრდის ლარზე მოთხოვნას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50%-ული პუნქტით 10%-მდე 4 აგვისტოს გაზარდა.

უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა კი სებ-ის გადაწყვეტილებით, ივლისიდან, ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10%-მდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.

ანალოგიურად, 15-დან 10%-მდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის

 

Businesspartner