ეკონომიკა
24/09/2021

გენადი არველაძე: ვფიქრობ, შეგვიძლია, დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ დღის წესრიგს

პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრზე.

„მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებების შედეგად საქართველოს ეკონომიკა იანვარ-ივლისში 12,7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა გადახედეს წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მატების მიმართულებით. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 7,7%-მდე გაზარდა და საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია, დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ დღის წესრიგს," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელმაც საკმაოდ ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები აქვს. 

ეკონომიკის მინისტრის თანათავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტი დონორი ორგანიზაციისა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. დონორთა სხდომას თავმჯდომარეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

ონლაინ - შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლთა მხრიდან გაკეთდა პრეზენტაციები მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმებისა და შესაბამისი პროექტების შესახებ, რომლებიც დონორთა მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, „მწვანე ეკონომიკის" მიმართულებებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები