Galt&Taggart: წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება
Galt & Taggart-ი წელს ქვეყნის ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელის.
საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ ამ ნიშნულით ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ხელს ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს.
Galt & Taggart-ს მოლოდინს იანვრის ტურისტული სტატისტიკა აძლევს.
2022 წლის იანვარში და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის იანვრის დონის 53.5% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით (45%). ამავდროულად საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ერთდღიანი ვიზიტორები კვლავ დაბალ ნიშნულზეა.
"ჩვენი შეფასებით იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა, რაც თანხვედრაშია ტურიზმის აღდგენის დინამიკის პროგნოზთან (2022 წელს ტურიზმის შემოსავლებს 2019 წლის 80-85%-ზე ვპროგნოზირებთ)", - განმარტებულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკი საქსტატის მაჩვენებლებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის დეკემბერში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 9.6% შეადგინა წინა თვის 12.0%-იანი ზრდის შემდეგ.
"რეალური მშპ 0.9%-ით არის გაზრდილი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროები და რესტორნების, ელექტროენერგიის მიწოდების, უძრავი ქონების და ხელოვნება, გართობა, დასვენების საქმიანობის დარგებში. ამასთან, კლებას ჰქონდა ადგილი მშენებლობის დარგში. ჯამურად, 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა (+3.1% 2019 წელთან შედარებით). ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5%-ით გაიზრდება, რასაც ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს", - ნათქვამია მიმოხილვაში.