ეკონომიკა
03/08/2021

Galt & Taggart: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. 

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც.

მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში.

“ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება, ეს არის პურის სუბსიდირების დასრულება, რომელის ფასიც 12.5%-ით გაიზარდა. პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდამ დამატებითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე.

ასევე, ასეთ მაღალ ინფლაციას უნდა ველოდოთ 2022 წლის პირველ კვარტალშიც, ხოლო მეორე კვარტლიდან დაიწყება შემცირების ტემპი. მთლიანობაში, 2022 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი იქნება და ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 4.1%–ს მიაღწევს,“ – აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.  

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

„ვფიქრობ, წინა სხდომებზე, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ქონდა უფრო თამამად განეხორციელებინა გადაწყვეტილებები, რომელიც დადებითად იმოქმედებდა ეროვნულ ვალუტასა და ფასებზე მიმდინარე ზეწოლა იქნებოდა უფრო მეტად შემსუბუქებული, რომელსაც შეეეძლო გაენეიტრალებინა ის ერთჯერადი ფაქტორები, როგორიცაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების, ასევე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ამასთან, ინფლაციაზე მიმდინარე წელს ზეწოლას ახდენს კომუნალური გადასახადებიც, რომელიც იანვრიდან გაიზარდა. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი კურსი იმისათვის, რომ ამ ფაქტორების ერთობლივი გავლენა იყოს გარკვეულწილად განეიტრალებული,“ – ამბობს ქავთარაძე.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის დაფიქსირებული ინფლაციაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში იყო, როდესაც წლიური ინფლაციის დონე 14.3%-იან ნიშნულს აჭარბებდა.