ეკონომიკა
09/01/2023

Galt & Taggart-ი წელს 5,2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

Galt & Taggart-ი წელს 5,2%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს.

საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წლის ბოლოს ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. "ინფლაციის შემცირების პარალელურად, ვფიქრობთ რომ სებ-ს საშუალება ექნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მიმდინარე 11%-დან 9%-მდე შეამციროს 2023 წლის ბოლოს", - ნათქვამია კვლევაში.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 9.8%-მდე შენელდა, წინა თვის 10.4%-იანი დონიდან. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა 6.8%-მდე (-0.4პპ თ/თ). 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+16.3%, 5.41პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+15.8%, 1.58პპ), ტრანსპორტი (+5.5%, 0.64პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+9.3%, 0.62პპ), რესტორნები (+14.8%, 0.60პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (+8.8%, 0.45პპ) და ჯანდაცვა (-3.6%, -0.36პპ). ამასთან, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.3%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების კლებამ ტრანსპორტის (-2.7% თ/თ, -0.31პპ) კატეგორიაში.