გადახდისუუნარობის რეფორმის დაწყებიდან სასამართლოში 89 მიმართვა შევიდა
გადახდისუუნარობის რეფორმიდან ორი წლის თავზე სასამართლოში 89 მიმართვა შევიდა, საიდანაც 39 განაცხადი დაკმაყოფილდა.
პრაქტიკოსების შეფასებით, მიმართვიანობა კვლავ დაბალია. გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესი ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში შეაფასა.
„რეფორმის პროგრესი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების 80% უკვე შესრულებულია. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული გამოწვევები, რაც ძირითადად, უკავშირდება კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართვიანობას სასამართლოში.
ეს მიმართვიანობა სასურველ მაჩვენებელთან მიმართებით, დაბალია. ჯამში 89 მიმართვა შევიდა სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ამოქმედებიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ამ მიმართვებიდან 39 დაკმაყოფილდა. მნიშვნელოვანია ის, რომ დაკმაყოფილებული მიმართვებიდან 39% არის რეაბილიტაციის საქმისწარმოება, რაც ახალი კანონის ერთ ერთი ღირსებაა“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პროექტ „რეფორმეტრის“ უფროსმა მკვლევარმა ლევან თევდორაძემ.
რაც შეეხება ხანგრძლივობის მაჩვენებელს, მისივე თქმით, საქმის განხილვის საშუალო ხანგრძლივობა 1 წლიანი პერიოდია, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს.
გადახდისუუნარობის ახალი კანონმდებლობა ძალაში 2021 წლის 1 აპრილიდან შევიდა.