ეკონომიკა
29/01/2022

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა.

ახალი ნავსადგური „პეის ჯგუფმა" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

"პეის ჯგუფი" რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. მისი ყოველწლიური, საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. "პეისი ჯგუფში" დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

პრემიერ-მინისტრმა ნავსადგურის გახსნაზე აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის" მხრიდან ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის.

"2020 წლიდან კომპანია „პეისის" მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.