ეკონომიკა
09/10/2023

"ფონდში არსებული მმართველობითი სისტემა,საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით კომფორტს უქმნის"

"საქართველოს განვითარების ფონდი" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი")არასდროს ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ეს ჩვენი ახალი წესდებით უკვე ცალსახად და მკაცრად განსაზღვრულია. შესაბამისად, ფონდი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მის საინვესტიციო პოლიტიკას და საქმიანობას, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. 

მისი განცხადებით, ფონდს აქვს არსებული პორტფელი, რომელიც საკმაოდ მოდიფიცირებულია, თუმცა, ეს პორტფელი  კონკრეტული გეგმების დასახვის საშუალებას იძლევა.

როგორც ბუგიანიშვილი განმარტავს, გააქტიურებულია მუშაობა, რათა მოხდეს  ძალიან ინტენსიური და კონკრეტული საქმიანობის დაწყება.

"უკვე მქონდა საუბარი რამდენიმე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან. ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ ფონდის რეფორმირების პროცესს იმდენად, რამდენადაც, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება მათი მომავალი პარტნიორი. ის მმართველობითი სისტემა, რომელიც დღეს არსებობს ფონდში უკვე სახეცვლილი, მათთვის უფრო მეტ კომფორტს ქმნის, შესაბამისად, ეს მუშაობა გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მექნება საშუალება, რომ კარგი ამბებით დაგიბრუნდეთ,“-აცხადებს ბუგიანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ინტერესი საკმაოდ დიდია, არიან ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ განიხილავდნენ თავისი მოქმედების არეალად, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციები იცვლება,შესაბამისად, მათი სტრატეგიული ხედვები და მომავლის განსაზღვრაც უკვე ცვლილებას განიცდის.

"ისინი განიხილავენ საქართველოს, როგორც მათ საოპერაციო ტერიტორიას. ჩვენც გვინდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა და მათთან გავაძლიეროთ კონსულტაციები. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ, კონკრეტულ, პოტენციურ ინვესტორებთან, ვისთვისაც საქართველოს ბაზარი შეიძლება საინტერესო იყოს და ერთგვარად, ჩვენი თავი წარმოუდგინოთ ისე, რომ მათ კომფორტულად შეძლონ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, დამკვიდრება და ოპერირება.

ფონდს ახალი სახელი აქვს და ამ ორგანიზაციის მიზანი თავად სახელშია ჩადებული. შესაბამისად, ნებისმიერი საინვესტიციო საქმიანობა, რომელიც იქნება ფონდის მიერ განხორციელებული, სრულ თანხედრაში იქნება საქართველოს განვითარებასთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან,"-აცხადებს ბუგიანიშვილი. 

შეგახსენებთ, "საპარტნიორო ფონდი" ახალი სახელწოდებით (საქართველოს განვითარების ფონდი) სტრუქტურითა და განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს საქმიანობას.  სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც ასრულებს. 

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ - ავთანდილ სილაგაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე (აუდიტის კომიტეტის წევრი) ვაზილ ჰუდაკი, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. მათ შორის, 2016-2019 წლებში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი. 

საბჭოს წევრია (აუდიტის კომიტეტის წევრი)  ნანა ადეიშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის, კერძო სექტორის განვითარების, კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო კლიმატის კვლევისა და ინოვაციური  პოლიტიკის შემუშავების, ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით ევროპისა და აზიის 13 განვითარებად ქვეყანაში როგორც მენეჯერის, ისე ექსპერტისა და კონსულტანტის რანგში.

 

 

Businesspartner