"ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან"
ფისკალური რისკების სწორად მართვა, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაუთვალისინიებელი და დაუგეგმავი ვალის ზრდისგან დაიცავს.
ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მომავალში არ უნდა მოხდეს რისკების მქონე ახალი ვალდებულებების აღება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, ხოლო არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი.
„მეორე მიმართულება ეს არის სახელმწიფო საწარმოები. დღეს მათი დიდი ნაწილი ბიუჯეტის დამატებით ტვირთს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების მატარებელია. შესაძლებელია ითქვას, რომ დღეს, სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკური ზრდის შემაფერხებლები არიან. აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია: არაეფექტური საწარმოების პრივატიზება / ლიკვიდაცია, ე.წ. „სოციალურ“ საწარმოებში, როგორიც არის დასუფთავების, წყალმომარაგების, კეთილმოწყობისა და მსგავსი ტიპის საწარმოები, საჭიროა ხარჯების ოპტიმიზაცია და შემოსავლების ზრდა, სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმა - ისინი უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.