ეკონომიკა
07/12/2021

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს გააცნო

მთავრობის ვალი მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო. 

შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დოკუმენტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა. როგორც სამინისტროში ამბობენ, დოკუმენტი ამ ეტაპზე საჯარო განხილვის ეტაპს გადის, განხილვების შემდეგ კი დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის დოკუემტნი შეიმუშავა. დოკუმენტის შექმნისკენ სამინისტროს Covid-პანდემიამ უბიძგა, რამდენადაც მთავრობის ვალის მართვა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. 

სტრატეგია მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას.

სამინისტრო ასახელებს მთავრობის ვალის მართვის ახალ სტრატეგიული მიმართულებებს:

• მთავრობის წმინდა ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირება;
• მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა;
• საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა;
• მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაცია;
• მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი ორიენტირებულია აღნიშნულ ხუთ მიმართულებაზე და მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, თითოეული მიმართულებით განსაზღვრავს მიზნობრივ მაჩვენებლებს და ადგენს მათი მიღწევის გეგმას.

• მთავრობის წმინდა ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირების მიმართულებით, ფინანსთა სამინისტრომ ვალის მშპ-სთან ფარდობის უსაფრთხო დონედ განსაზღვრა 40%. 2020 წლის ბოლოს არსებული 55.4%-დან 2025 წლისთვის სტრატეგია მიზნად ისახავს მაჩვენებლის 47%-მდე შემცირებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსვე ხდება ვალის მშპ-სთან ფარდობის 60 პროცენტიდან 53 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. ასევე, 2023 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოსცდება მშპ-ის 3 პროცენტს. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან ფარდობა შეინარჩუნებს შემცირების ტენდენციას და 2025 წლის ბოლოსთვის ის მიაღწევს 48.5 პროცენტს.

• მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა მნიშვნელოვანია მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის შენარჩუნებისთვის, რაც თავის მხრივ, ქვეყნის კრედიტუნარიანობას და შესაბამისად, სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მიმართულებით, ვალის მართვის სტრატეგიაში მიზნობრივ მაჩვენებლებად განისაზღვრა 2025 წლისთვის: ა) უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-სთან ფარდობის 35 პროცენტამდე შემცირება; ბ) მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება.

• საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდისთვის - უკვე მომავალი წლიდან საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გამოხატავს კორპორატიზაციის რეფორმირებისადმი მზაობას. სრულად კორპორატიზებული საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას. რაც შეეხება პროგრამულ სესხებს, 2022 წლიდან სესხის აღება მოხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის.

• მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაციისთვის - დოკუმენტში განსაზღვრულია ლიმიტები, როგორც საგარეო სესხების, ასევე, მთლიანი პორტფელის ტექნიკურ მაჩვენებლებზე.

• მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის, მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია: ბაზრის ლიკვიდობის, ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციის, ფასიანი ქაღალდების მიწოდების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის ზრდა.