ეკონომიკა
16/09/2020

ფინანსთა მინისტრი: რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის აღდგენისთვის ფისკალური სტიმულირების აუცილებლობას ხედავს.

ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდეციები თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება, ტურიზმის გარდა.

"ვხედავთ, რომ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებში, დინამიკა პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის, უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წელს, უნდა დავუბრუნდეთ ძველ, 3%-ზე ქვემოთ ნიშნულს, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სსფ და ქვეყნის ეკონომიკური გუნდი წელს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას ელის, მომავალ წელს კი ქვეყანა 5%-იან ზრდას მიაღწევს. 

Businesspartner